თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია

დღეს, „ლოლიტაში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. პროგრამის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ფესტივალის დირექტორებმა გაგა ჩხეიძემ და ნინო ანჯაფარიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასთინ მაქენზი სმიტი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი.

ბრიტანეთის ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობას საქართველოსა და ბრიტანეთს შორის , რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.

გაგა ჩხეიძის თქმით, წელს ფესტივალის „ ძლიერი ნაწილი“ ქართული პანორამაა. მისი თქმით, გამორჩეული იქნება წლევანდელი წელი მხატვრული კინოს ხარისხითაც.

წელს მხოლოდ ეროვნული კონკურსი გაიმართება. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული სამ ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში შეუწყოს ხელი.

წლევანდელი, მე-20 საიუბილეო კინოფესტივალის ფოკუს-ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანეთის საბჭო, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ახორციელებენ მასშტაბურ პროექტს - „დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019“ ანუ “ ბრიტანული სეზონი“, რომელიც უამრავ ღონისძიებას და აქტივობას მოიცავს. კინოფესტივალსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობაც, სწორედ „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში ხორციელდება .
ფესტივალის და ბრიტანული სეზონის ინიციატივით, პროგრამა უახლესი გამორჩეული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს „PLAY UK“ ერქმევა.

სექცია „ რეჟისორი ფოკუსში“ წელს მექსიკელ რეჟისორს, კარლოს რეიგადასს მასპინძლობს. 8 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად, კინომოყვარულებს ლეგენდარულ რეჟისორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

მასტერკლასი სპეციალურად სტუდენტებისთვის და კინოპროფესიონალებისთვის პროექტ - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში გაიმართება, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრი.

როგორც მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი - 90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტ!“, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას თბილისის და ბრისტოლის კინოფესტივალებს შორის.
ჟიური, რომლის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან, პირველ ეტაპზე გამოგზავნილი ფილმებიდან შეარჩევს ოც ფილმს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.


ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.

თბილისის მე-20 საიუბილეო ფესტივალი 1 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ “Blackmail” (1929წ) გაიხსნება. ფილმი ნაჩვენები იქნება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. სპეციალურად „ შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება გახსნის ცერემონიალს. კომპოზიციას შეასრულებს სიმფონიური ორკესტრი „ალტერ ორკესტრა“ მირიან ხუხუნეიშვილის დირიჟორობით.

უკვე მესამე წელია, რაც  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. წელს ამ კატეგორიაში ნომინირებულია შვიდი ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება მოხდება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე .
დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“.
რაც შეეხება საპატიო პრომეთეს, ის წელს მექსიკელ რეჟისორ კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს, ირაკლი კვირიკაძეს გადაეცემა.

 

 

 

2019-Nov-20