ალფრედ ჰიჩკოკის "შანტაჟის" (Blackmail) შესახებ

1 დეკემბერს, თბილისის მე-20 კინოფესტივალი დიდი ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ადრეული ნამუშევრით, „შანტაჟით“ გაიხსნება. ფილმს მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს "ალტერ-ორკესტრი" მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეჟისორი, 1899 წელს ინგლისში დაიბადა. ჰიჩკოკი კინოინდუსტრიას 1919 წელს შეუერთდა და სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა კინოს გადაღებას. მისი სარეჟისორო დებიუტი 1925 წელს, ფილმით  “ნეტარების ბაღში“ შედგა.

1924 წელს, გერმანიაში ვიზიტამდე, ჰიჩკოკის ადრეული ფილმები კომედიურ და მელოდრამატულ ჟანრებს მოიცავდა.  ბერლინში ვიზიტის შემდეგ, ახალგაზრდა რეჟისორი  შემოქმედებითად გააქტიურდა. მუშაობა რეჟისორის ასისტენტად და სცენარების წერა, მოგვიანებით  სამხატვრო ხელმძღვანელობით დაგვირგვინდა.  ბერლინში  ჰიჩკოკს საშუალება მიეცა გადასაღებ მოედანზე ემუშავა გერმანული კინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეჟისორთან, ფრიდრიხ მურნაუსთან. შეხვედრა მურნაუსთან, მოგვიანებით, ისევე აისახა ალფრედ ჰიჩკოკის  შემოქმედებაზე, როგორც მისგან მიღებული რჩევა:  “არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გადასაღებ მოედანზე ხედავ. მთავარია, რას ხედავ ეკრანზე“.

გერმანული ვოიაჟი, მურნაუ და მისი კოლეგები ალფრედ ჰიჩკოკს ბევრს ასწავლიან, განსაკუთრებით, ვიზუალურ ხელოვნებაში სათქმელის გამოსახულებით გადმოცემის საჭიროებას (გასათვალისწინებელია, რომ მისი გერმანიაში ვიზიტისას კინემატოგრაფი ჯერ კიდევ უხმო იყო). გერმანული ექსპრესიონიზმი ბრიტანელი რეჟისორის ფილმებს მისტიკურ ელფერს შესძენს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ვიზუალურ თხრობაზე, რომელსაც თავად ჰიჩკოკი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.

საგულისხმოა, რომ  ბრიტანეთში მუშაობისას ჰიჩკოკის შემოქმედება ცენზურათან მუდმივი პრობლემების ფონზე ვითარდებოდა. ადანაშაულებდნენ იმ  წესების დარღვევაში, რომელიც  სიშიშვლესა და ქრისტეს სხეულებრივ  ასახვას (მატერიალიზაციას) კრძალავდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ამერიკა ყოფილა.  1940 წლიდან, შტატებში გადასვლის შემდეგ,  ჰიჩკოკს ხშირად უხდებოდა ფილმების კორექტირება. მაგალითისათვის, პოლიტიკურ ცენზურას დაექვემდებარა ნამუშევრები: „უცხოელი კორესპონდენტი“ და „დივერსანტი“. ცენზურა შეეხო ისეთ ნამუშევრებსაც, როგორიც „რებეკა“ და „უცნობები მატარებელშია“. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ისე აღიარებული ფილმიც კი,  როგორიც „ვერტიგოა“ ვერ გადაურჩა ჩარევას. რეჟისორს ავალდებულებდნენ სცენარში ცვლილება შეეტანა, ფილმის ფინალში რადიოს მკვლელი პერსონაჟის დაჭერის შესახებ გამოეცხადებინა (მაყურებელმა „ვერტიგოს“ სხვადასხვა ვარიანტი იხილა).

თბილისის კინოფესტივალზე მაყურებელი „შანტაჟს“ იხილავს. ევროპული ხმოვანი კინოს პირველ წარმატებულ ნიმუშს, რომლის პრემიერაც იმ დროინდელი კინოთეატრების კონიუნქტურის ფონზე, უხმო რეჟიმშიც შედგა. თავდაპირველად, ფილმი ჩაიფიქრეს, როგორც უხმო, თუმცა პროდიუსერების თანხმობის შედეგად, ჰიჩკოკმა გაახმოვანა. „შანტაჟი“   ბრიტანული ხმოვანი კინოს პირველი ნიმუშია, რომელიც ვერ გადაურჩა იმ დროინდელ ცენზურას (რამდენიმე წუთი ამოჭრეს).

„შანტაჟი“ ჩარლზ ბენეტის ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება. 2017 წელს, მსახიობების, რეჟისორების, სცენარისტების, პროდიუსერებისა და კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად, ჟურნალმა “Time Out” ნამუშევარს საუკეთესო ბრიტანული ფილმების სიაში 59-ე ადგილი მიუჩინა.

მისტიკურობის გარდა, „შანტაჟს“ ფილმ-ნუარის ძლიერი გავლენაც გამოარჩევს. ფილმ-ნუარისა, რომელიც თავის მხრივ, გერმანულ იმპრესიონიზმს ბევრს დაესესხა. ფილმის პროტაგონისტი, ელის უაითი ქერა, ე. წ. საბედისწერო ქალია (femme fatale), რომელიც ქმარს თავდაცვის დროს მოკლავს.

„შანტაჟში“ ნაწილობრივ გამოიკვეთა ახალგაზრდა რეჟისორის ინტერესები და ხედვა, რომელიც მოგვიანებით ფუნდამენტურად ვითარდებოდა, მანამ, სანამ შედევრების „ფსიქოს“, „ვერტიგოს“, „ჩიტების“ და სხვა შედევრების გადაღებით არ დასრულდა.

ინტერესების ფართო სპექტრი: შიში და მღელვარება, მკვლელობა, დანაშაული, დევნა - ეს ის თემებია, რომელზეც ბრიტანელი რეჟისორის კინო  ახდენს რეფლექსიას. შემთხვევითი არაა, რომ ბავშვობაში, მამის მიერ პოლიციის განყოფილებაში, დასჯის მიზნით მიყვანილ ჰიჩს, სამუდამოდ გაჰყვება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების ტრავმა, რომელიც  მისი შემოქმედების ლაიტმოტივად იქცევა.

2019-Nov-27