რეჟისორი ფოკუსში - კარლოს რეიგადასი

1971 წელს, მეხიკოში დაიბადა კარლოს რეიგადას კასტილო, მექსიკელი ხელოვანი, რომელსაც ხშირად „ერთკაციანი მექსიკური მესამე ტალღის“ რეჟისორსაც უწოდებენ. სანამ რეჟისორი გახდებოდა, მექსიკის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ამასთანავე, ეროვნულ ნაკრებში რაგბს თამაშობდა. სწავლის დასრულების შემდეგ, სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა.

პირველად კინემატოგრაფით 1987 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანდრეი ტარკოვსკის ფილმები ნახა. 1997 წელს, რეიგადასმა საკუთარი პროფესიით მუშაობაზე უარი თქვა და გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ სინემათეკას. უყურებდა როსელინის, დრაიერის, ტარკოვსკისა და ბრესონის ფილმებს. სწავლობდა რეალობის კინემატოგრაფიულ ასახვას (როსელინი), არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობას (ბრესონი). ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებამ კი სულ სხვა თვალით დაანახა კინემატოგრაფი - “როდესაც მისი ფილმები ვნახე, მივხვდი, რომ შესაძლოა ემოცია პირდაპირ ხმითა და გამოსახულებით გადმოსცე და არა მხოლოდ ამბის მოყოლით“.

რეიგადასის სურვილი - ჩაებარებინა კინოსკოლაში, უარყოფილ იქნა მოტივით, რომ ის უკვე შემდგარი რეჟისორი გახლდათ და ახალს ვერაფერს ისწავლიდა.

მისი ფილმები ორიგინალური ვიზუალური ხედვითა და სხვადასხვა ექსპრესიული გადაწყვეტებით გამოირჩევიან. მექსიკელი ხშირად იყენებს ხანგრძლივი კადრებით გადაღების ტექნიკას და ძირითადად ფართო კადრების საშუალებით ცდილობს აღწეროს პერიფერიული ცხოვრება. მის შემოქმედებაში შეინიშნება ინსპირაციები იტალიური ნეორეალიზმიდან, კარლ თეოდორ დრეიერის, ანდრეი ტარკოვსკის, იშვიათად ლუის ბუნუელის ფილმებიდან.

სანამ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებდა, რეიგადასმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის, 1997 წელს გადაღებული „მაქსჰუმაინი“.

ორი წლის შემდეგ, პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე „იაპონია“ დაიწყო მუშაობა, რომლის პროდიუსერი თავადაა. ორი წლის განმავლობაში, მექსიკელი ტექნიკურ ჯგუფს კრებდა. საბოლოოდ, ფილმის გადაღებები 2001 წელს დაიწყო, ერთ წელიწადში დასრულდა და როტერდამისა და კანის კინოფესტივალებზე უჩვენეს. კანში წარმატებასაც მიაღწია, გაიმარჯვა რა ნომინაციაში - „ოქროს კამერა - სპეციალური აღნიშვნა“. ცხოვრებისაგან დაღლილი, ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი პროტაგონისტი მექსიკას ტოვებს და მთებში ჩაკარგულ პატარა სოფელში თავის მოსაკლავად მიემგზავრება, სადაც საბოლოოდ თავშესაფარს ადგილობრივი მოხუცი ქვრივი ქალის ქოხში იპოვის. მის წინაშე გადაშლილი სამყაროს სილამაზე და ქვრივის სიკეთე მხატვარს სიცოცხლისა და სიყვარულის სურვილს უღვიძებს. ერთი შეხედვით, სცენარმა შესაძლოა ბანალური მელოდრამის შთაბეჭდილება დატოვოს. თუმცა...

...თუმცა როგორც კი ფილმის პირველივე კადრს დაინახავთ, მელოდრამის მოყვარულებს იმედი გაგიცრუვცდებათ, სხვებს შეიძლება კითხვაც გაგიჩნდეთ - რა ხდება ფილმში? რაც იმთავითვე არასწორი იქნება, რადგან თუკი რეიგადასის სიტყვებსვეა დავიმოწმებ, ფილმს არა ამბავი (სცენარი), არამედ თხრობის სტილი და ავტორის მიერ სუბიექტურად აღქმული გამოცდილების ეკრანზე ასახვა განსაზღვრავს. 16 მილიმეტრიანი ფირით გადაღებული, სიზმრისეული გამოსახულების მქონე „იაპონია“, ნამდვილად განსხვავებული სტილით გვიჩვენებს ამბავს, რომელიც მომაჯადოებელი გამოსახულების ფონზე მეორეხარისხოვანი ხდება. ფილმს არვო პერტის მუსიკალური გაფორმებაც გამოარჩევს.  ჯერ კიდევ სადებიუტო ფილმში, რეიგადასმა ორიგინალური ხედვა და ექსპრესიული თხრობის სტილი შესთავაზა მაყურებელს, რამაც დიდწილად შემდეგი ფილმების მოლოდინი განაპირობა. ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ „იაპონია“ იმ ფილმთაგანია, რომელმაც მექსიკურ კინემატოგრაფში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია.

მისი შემდეგი ფილმი „ბრძოლა ზეცაში“, როგორც რეიგადასი აღწერს - „მეხიკოში განვითარებული ეგზისტენციალური დრამაა, რომელიც ადამიანის მორალურ ელემენტებს ეხმიანება“. ფილმი კანში უჩვენეს და მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, იყო შეძახილებიც. რეჟისორი ამჯერადაც არაპროფესიონალ მსახიობებთან ითანამშრომლა; რეალურ ცხოვრებაში, ფილმის მთავარი გმირი, მარკოსი რეიგადასის მამის მძღოლი იყო.

„ბრძოლა ზეცაში“ ფელაციოს სცენით იწყება, რაც მიანიშნებს, რომ ნარატივი გარკვეულწილად პროვოკაციულ და უკომპრომისო ფუნდამენტზე იქნება აგებული. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რეიგადასი ამბობს, რომ „ნამდვილი“ ადამიანების სექსუალური აქტის აღწერა და მეინსტრიმ კულტურაში რეპრეზენტირებული „გაპრიალებული“ სექსის სცენებისაგან თავის დაღწევა სურდა. საინტერესოა რეჟისორის კომენტარიც მის ფილმებში სიშიშვლისა და ეროტიკული სცენების შესახებ: „როდესაც საშხაპეში შევდივართ, ყველანი შიშვლები ვართ. დღეში ორჯერ ან სამჯერ შიშვლები ვართ. კვირის განმავლობაში, უმეტეს ჩვენგანს ერთხელ ან მეტჯერ აქვს სექსი. ეს ხშირად განმეორებადი აქტია, მაგრამ მისი კინოში რეპრეზენტირება არ ხდება. ნორმალური იქნება, ამის შესახებ  სხვა რეჟისორებს თუ შეეკითხებით - რატომ არ აქვთ სექსის სცენები ფილმში - და არა მე, მე ერთადერთი ნორმალური ვარ.“ გარდა განზრახ პროვოკაციული ნოტებისა, რეიგადასი ფილმში პროტაგონისტის ონტოლოგიურ კვლევასაც გვთავაზობს. მარკოსი ცოლთან ერთად ბავშვს გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცებს. როცა შემთხვევით ბავშვი მოკვდება, მარკოსი მძიმე მდგომარეობაში ვარდება და ჩადენილ დანაშაულს თავის უფროსის ქალიშვილთან აღიარებს. ფილმში მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟი მონაწილეობს და მათი მეშვეობით სურათი ისეთ ემოციებზე რეფლექსირებს, როგორებიცაა: სიბრაზე, შიში, სიხარბე სულიერი ამაღლება და ა. შ. „ეს ფილმი ჩემს პრობლემურ ბავშვობაზეა, შესაბამისად ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მეტად მიყვარს“ ამბობს რეიგადასი „ზეციური ბრძოლის“ შესახებ.

წარმატებული გამოდგა რეიგადასის შემდეგი, 2007 წელს გადაღებული ფილმი „ჩუმი სინათლე“. ბევრი კრიტიკოსის აზრით, „ჩუმი სინათლე“ ნულოვანი წლების კინოს საუკეთესო ნიმუშია. მარტინ სკორსეზემ ფილმს „გასაოცარი და მოძრავი სურათი“ უწოდა. „გასაოცარი ამბავი მიმტევებლობის შესახებ, რომელშიც გამოსახულებები არაჩვეულებრივ სურათს ქმნიან“ - წერს „New-York Times“ კრიტიკოსი ფილმზე. ჟურნალმა „Sight & Sound” 2007 წლის ფილმებში მას მეექვსე ადგილი მიუჩინა. „ჩუმი სინათლე“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსათვის“ ბრძოლაში ფილმთან  „4 თვე, 3 კვირა და  2 დღე" (კრისტიან მუნჯიუ) დამარცხდა, თუმცა  ჟიურის  პრიზი საუკეთესო ფილმისთვის დაიმსახურა.

ჩრდილოეთ მექსიკასთან მოგზაურობისას, რეიგადასი მოხიბლული დარჩა მენონიტების საზოგადოებით. ამიტომ, უმეტესობა მსახიობებისა ამ საზოგადოების წევრები არიან. „ჩუმ სინათლეში“ ნარატივი მენონიტი კაცის ირგვლივ ვითარდება. იოჰანი ესთერზეა დაქორწინებული და შვიდი შვილი ყავს, თუმცა სხვა ქალი, მარიანა უყვარდება. სურათი პროტაგონისტი კაცის ეგზისტენციალურ მდგომარეობას აღწერს, რომელმაც ორ ქალს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას, რეიგადასმა თქვა, რომ ინსპირაციის წყარო კარლ თეოდორ დრაიერის ფილმის „სიტყვა“ ფინალი გახლდათ. შესაბამისად, „ჩუმი სინათლე“-ს დასასრული რეიგადასის მიერ გადათამაშებული „სიტყვა“-ს ფინალია.

ნახევრად ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს მისი მომდევნო, 2012 წლის ფილმი „წყვდიადის შემდეგ ნათელი“. სწორედ ამიტომ, რეიგადასმა ფილმი ყველა იმ ქვეყანაში გადაიღო, სადაც უცხოვრია - მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბელგია. აღნიშნულ სურათში, მექსიკელი რეჟისორი კიდევ უფრო სუბიექტურ გამოცდილებებს გვიზიარებს. ხუანი და ნატალია ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქალაქურ ცხოვრებას ტოვებენ და მეხიკოდან სოფელში გადადიან საცხოვრებლად. ახალ გარემოში განმარტოებულ ცხოვრებას სიხარულიც მოაქვს და ტკივილიც. თუმცა არავინ იცის, ეს ორი სამყარო ერთმანეთს ავსებს თუ გამორიცხავს.

„წყვდიადის შემდეგ ნათელი“ გროტესკული ფილმია, რომელიც წარსულის, მომავლის, ოცნებების, ფანტაზიებისა და იმედების ნაზავს წარმოადგენს. სურათი კონტროვერსიული აღმოჩნდა, რაც მნახველების რეაქციაში გამოიხატა; ერთი მხარე კრიტიკოსებისა თვლიდა, რომ ფილმი რეიგადასის მორიგი შედევრია, თუმცა სხვები ფორმალიზმსა და ავანტიურაში დებდნენ ბრალს.

კარლოს რეიგადასის რიგით  მეექვსე ფილმის „ჩვენი დრო“ პრემიერა 2019 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათი ერთგვარი გაგრძელებაა იმ ავტობიოგრაფიული ხაზის, რომელსაც რეიგადასი 2012 წლიდან  ფილმით „წყვდიადის შემდეგ ნათელი“ მიუყვება. რეჟისორი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სანუკვარ  რწმენასა და ინსტიტუტებს, ამჯერადაც „არაკანონიერი“ ურთიერთობებით ინტერესდება,  ქორწინების მიღმა არსებული სიყვარულით, რომელიც პარტნიორების ურთიერთობას დანგრევით ემუქრება.

 

2019-Nov-28