ქართული პანორამა

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პრიზებს მხოლოდ ეროვნულ კონკურსში შემდეგ კატეგორიებში გასცემს:  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილე ნამუშევრების სია ასეთია:

 

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (Inhale-Exhale, 2019) რეჟისორი: დიტო ცინცაძე.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ 37 წლის ექიმის და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ციხეში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ირინა სახლში ბრუნდება და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. მან ახლობლების დაკარგული ნდობა უნდა დაიბრუნოს.

ფილმის ჩვენება შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებული აღმოჩნდა - „ოქროს თასი - ჟიურის გრან-პრი“ დიტო ცინცაძემ, ხოლო „ოქროს თასი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის დაწესებული ჯილდო სალომე დემურიამ მიიღო.

დიტო ცინცაძე 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეთრი ღამე“ 1984 წელს გადაიღო. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზღვარზე“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლეოპარდით“ აღინიშნა. დიტო ცინცაძე 1996 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გერმანიაში გადაღებული პირველი ფილმი „დაკარგული მკვლელები“ კანის კინოფესტივალის სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ უჩვენეს. ამავე ფილმმა მოიპოვა გრან-პრი კოტბუსის კინოფესტივალზე. ცინცაძის უკანასკნელი ფილმია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე გადაღებული სურათი „შინდისი“.

 

„უარყოფითი რიცხვები“ (Negative Numbers, 2019) რეჟისორი: უტა ბერია.

ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. „უარყოფითი რიცხვები“ არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში მიმდინარე კრიმინალურ ისტორიებს აღწერს. კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება, რათა პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება მოხდეს. ფილმის მთავარ გმირ ნიკას არჩევანის გაკეთება ციხეში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის უწევს.

„უარყოფითი რიცხვები“ უჩვენეს პროექტ „ნახე პირველად ბაკურიანში“ ფარგლებში, სადაც ქართველ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

უტა ბერია დაიბადა 1987 წელს. 2009 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელესარეჟისორო ფაკულტეტი, თინათინ ჭაბუკიანის სახელოსნო. 2011 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა კინოდრამატურგიის სპეციალობით (კოტე ჯანდიერის სახელოსნო).

„კომეტები“ (Comets, 2019) რეჟისორი: თამარ შავგულიძე.

ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

ფილმი წარმოდგენილი გახლდათ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“.

თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო) დაამთავრა. სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დაბადებულები საქართველოში“ 2011 წელს გადაიღო. „კომეტები“ შავგულიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ოქროს ძაფი“ (The Golden Thread, 2019) რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე.

„ოქროს ძაფი“ ლანა ღოღობერიძის უკანასკნელი სურათია, რომელიც გრძელვადიანი პაუზის შემდგომ გადაიღო. ფილმის პრემიერა თბილისის მე-20 კინოფესტივალზე გაიმართება.

ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი.

უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება. ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა ყოფილი საბჭოთა მაღალი ფუნქციონერია, რომელმაც ერთ დროს აკრძალა ელენეს წიგნი.

ამასობაში ყველას დაავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი, რომელსაც ასევე “ფეხებმა უმტყუნა”. ორ მარტოსულ ადამიანს შორის იფეთქებს ოდესღაც უარყოფილი სიყვარული.

ამ სატელეფონო რომანის ფონზე მიმდინარეობს ორი ქალის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. მით უმეტეს, რომ მირანდას მტკიცებით, არჩილი წარსულში მისი თაყვანისმცემელი იყო.         

მირანდა მიდის სახლიდან და იკარგება. მხოლოდ მაშინ გაიაზრებს ელენე, რომ ვერ გუგო მირანდას, ვერ აუღო ალღო მის მარტოობას. ხვდება, რამდენად სჭირდება არჩილი.

თავიანთ ბინებში გამომწყვდეული ელენე და არჩილი “ცეკვავენ”. ერთად, როგორც მაშინ, 60 წლის წინათ.

ლანა ღოღობერიძე 1928 წელს თბილისში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოსა და ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

„ღორი“ (Pig, 2019) რეჟისორი: გიგა ლიკლიკაძე.

„ღორი“ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული  ბაჩანა ავტობუსს ვერ უსწრებს და მინდორში იკარგება. რადგან ძალიან შია, ბუჩქებში მაყვლის ჭამას იწყებს, ასე მიუყვება გზას და გამტაცებლების ხელში ხვდება. გამტაცებლები ბაჩანას გათავისუფლებისთვის 300 ლარს ითხოვენ. რადგან ფული არ აქვთ, ბაჩანას ახლობლები იმედოვნებენ, რომ მას ღორში გაცვლიან. გამტაცებლებთან ერთად გატარებული სამი დღის შემდეგ ბაჩანას შინ დაბრუნება აღარ უნდა...

„ღორი“ ნაჩვენები იყო „ნახე პირველად ბაკურიანში“ ფარგლებში, სადაც დადებითი შეფასებები მიიღო.

გიგა ლიკლიკაძე დაიბადა 1985 წელს. 2000-2003 წლებში სწავლობდა კინოკოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 2009 წელს დაამთავრა. „ღორი“ მისი პირველი სრულმატრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

„ბოროტმოქმედი“ (The Criminal Man, 2019) რეჟისორი: დიმიტრი მამულია.

ფილმის „ბოროტმოქმედი“ პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. სურათი დიმიტრი მამულიას რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ფილმი ინჟინრის უფერულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. როდესაც ის უნებლიედ მკვლელობას შეესწრება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, ღრმად შეძრული მუდმივად უბრუნდება დანაშაულის ადგილს, რადგან მკვლელობა ვირუსივით შეეყრება და აკვიატებად ექცევა. შეპყრობილივით იწყებს ყველაფრის კვლევას, რაც დანაშაულს უკავშირდება.

დიმიტრი მამულიას გარდა, „ბოროტმოქმედის“ სცენარის ავტორი ქართველი მწერალი არჩილ ქიქოძეცაა. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათმა საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში მიიღო პრიზები.

დიმიტრი მამულია 1969 წელს თბილისში დაიბადა. გახლავთ კინორეჟისორი, სცენარისტი, ლიტერატურისა და კინოს თეორეტიკოსი, პოეტური და ფილოსოფიური ტექსტების ავტორი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 2007 წელს – მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები. 2010 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სხვა ზეცა“, რომელმაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, ხოლო 2011 წელს მიიღო პრემია „ნიკა“ კატეგორიაში „წლის აღმოჩენა“. დიმიტრი მამულია არის მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და თბილისის ახალი კინოს სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

დოკუმენტური ფილმები:

 

„თორმეტი გაკვეთილი“ - გიორგი მრევლიშვილი, 2019, 74’

„თორმეტი გაკვეთილი“ გიორგი მრევლიშვილის ბოლო დოკუმენტური პროექტია. ფილმი ვალერიან კოტრიკაძის და მისი შვილიშვილის შესახებ მოგვითხრობს. ისინი დედაქალაქიდან სამასი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ. ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ვალერიანი კი ყოფილი სამხედროა, რომლისთვისაც წესრიგი და დისციპლინა უმთავრესია. ბაბუა ძალას არ იშურებს, რომ ვაკო დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ხელობა ისწავლოს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს.

 

გიორგი მრევლიშვილი დაიბადა 1983 წელს თბილისში. 2006 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, ხოლო 2013 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ) მიიღო მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნებაში. გიორგი მრევლიშვილს გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ექსპერიმენტული ფილმი. ამჟამად მუშაობს წიგნზე დოკუმენტურ კინოში ექსპერიმენტული ხერხების გამოყენების შესახებ.

 

 „სანამ მამა დაბრუნდება“ - მარი გულბიანი, 2019, 75’

ბნელი ოთახი. დაბზარული კედლები… პროექტორიდან გამოსული შუქი სიბნელეს არღვევს, სოფლის პატარა სკოლაში ბავშვებისთვის პირველი კინოჩვენება იწყება. მოსწავლეებს შორის არიან ქისტი გოგონები - იმანი და ევა. კინო მათი ახალი და დიდი შთაბეჭდილებაა, რომლის შთაგონებით მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ. გოგონები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რომელიც ბევრმა მამაკაცმა დატოვა...

 

მარი გულბიანი 1971 წელს ქუთაისში დაიბადა. 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით. გაიარა ‘ატელიე ვარანის’ დოკუმენტური კინოსახელოსნოს სრული კურსი. მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ ფილმებზე. 2007 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია „მიდიფილმი“.

 

 „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - ნანა ჯორჯაძე, 2019 70’

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ემიგრაციაზე ოცნებობს და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებს, ღვინის მარშრუტის გავლით მოგზაურობას იწყებს. ღვინოსთან დაკავშირებული მისი თავგადასავლის დროს გაკეთებული აღმოჩენები ახალგაზრდას ღვინის დაბადების ადგილზე აბრუნებს, რომელიც მისი საკუთარი დაბადების ადგილია: საქართველო.

 

ნანა ჯორჯაძე დაიბადა 1948 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის შემდეგ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1980). კინოში მუშაობა 1977 წლიდან დაიწყო, იყო კოსტიუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და მსახიობი. 1987 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", რომელმაც მას კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერა" მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის. 1996 წელს გადაღებული ფილმი „შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი" არაერთი ფესტივალის პრიზიორი გახდა და „ოსკარზე" იყო ნომინირებული. ნანა ჯორჯაძე ევროპული კინოაკადემიის წევრია 1994 წლიდან.

 

„მარილი და პური“ - სალომე რაზიკაშვილი, 2019, 13’

12 წლის მამუკა ზაფხულს მთაში ატარებს. გარშემო მისი თანატოლი არავინაა, ვისთანაც თამაშს შეძლებდა. რაკი მარტოა, კომპანიას სოფლის ხნიერი მამაკაცები უწევენ, რომლებიც მას ქართული სუფრის ტრადიციებს აზიარებენ.

 

ბალინტ ბირო კინოწარმოებას სწავლობდა ბორნმუთის ხელოვნების უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. ამჟამად სწავლობს დოკუმენტური კინოს რეჟისურის სამაგისტრო კურსებზე DocNomads.

 

„მოსავალი“ - მიშო ანთაძე, 2019, 70’

კახეთის რეგიონში კრიპტოვალუტის „ოქროს ციებ-ცხელებაა“. ფილმი ელექტროენერგიის ნაკადს მიჰყვება – ელექტროსადგურიდან კომპიუტერებამდე, რომლებიც კრიპტოვალუტას მოიპოვებენ. ვენახის თავზე დრონი დაფრინავს, ძროხები ტელესაკომუნიკაციო ანძის ძირში ძოვენ ბალახს, ადამიანები და მანქანები თავიანთ სამუშაოს ასრულებენ. დაკვირვება ინტერნეტის ეპოქაში ბუნებრივსა და ვირტუალურს შორის საზღვრების წაშლაზე.

 

მიშო ანთაძე დაიბადა 1993 წელს თბილისში. 2011 წლიდან კინო- და ვიდეოხელოვნებას სწავლობდა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში (CalArts). 2015 წელს სწავლის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში მემონტაჟედ, თარჯიმნად და რეჟისორად. „მოსავალი“ მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა 2019 წელს.

 

„სხვა მეზობლები“ - ნიკა წიკლაური, 2019, 37’

ქალაქში, სადაც ცხოვრობ, მარტო არ ხარ. შეიძლება, ვერც ამჩნევდე, მაგრამ ამ ქალაქში შენთან ერთად გარეული ცხოველები და ფრინველებიც ცხოვრობენ.  ქალაქი იზრდება, იცვლება და ჩვენი მეზობლების საარსებო გარემოც დღითიდღე მცირდება, თუმცა ისინი მაინც ჩვენ ირგვლივ არიან. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ მელა, კვერნა, წავი, არწივი და სხვები თანამედროვე დედაქალაქის ბეტონის ჯუნგლებში.

 

ნიკა წიკლაური დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. შემდეგ გაიარა სასცენარო კურსი რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის, მხატვრული და დოკუმენტური კინოს და ეკოტურიზმის სფეროებში. მისი გატაცებაა ველური ბუნების გადაღება, ბერდვოჩინგი, ტურიზმი, მეკლდეურობა, მშვილდოსნობა. 2012 წელს დააფუძნა დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია EcoFilms.

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები და ანიმაციები:

 

„მამული“ - გიორგი სიხარულიძე, 2019 16’

„ცხოველი“ - ამირან დოლიძე, 2019 30’

„ტრადიცია“ - იოსებ ბლიაძე 

„თემო“ - ლაშა ცქვიტინიძე, 2019 30’

„დასასრულის დასაწყისი“ - გიორგი ქასრაშვილი, 2019 10’

„აცახცახებული გული“ - ვაჟიკო ჩაჩხიანი, 2019 11’

„სელფი გაზქურასთან“ - ირინა ჯავახაძე

„Volume Control“ - გიორგი სულაძე, 2019 15’

„ვიდრე წავიდოდე“ - ელენა ცაგარეიშვილი, 2019 16’

„მესამე ზედმეტი“ - ოთარ ბერძენიშვილი, 2019 15’

„კახეთის მატარებელი“ - ლალი კიკნაველიძე, 2019 45’ 

„When Money Had Its Body“ - თამარ მაღრაძე, 2019 8’

„სამაია“ - ლევან შუბაშვილი, 2019 7’

„უბიუჯეტო ფილმი“ - ნინა ხატიაშვილი, 2019 8’

„არჩევანი“ - გიორგი ვარსიმაშვილი, 2019 12’

„მარქსის ქუჩა 12“ - ირინე ჟორდანია, 2019 16’

„Loop“ - ანანო ბაკურაძე, 2019   

2019-Nov-28