სექციაში "ევროპული ფორუმი" წარმოდგენილი იქნება

ევროპული კინოს ფორუმი წლევანდელი კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამაა, სადაც უახლესი წლების ის გამორჩეული ფილმები იქნება ნაჩვენები, რომლებმაც სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მიაღწიეს წარმატებას.

ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს მიეცემა საშუალება ნახოს:

 

„უსასრულობის შესახებ“ (About Endlessness, შვედეთი, 2019) რეჟისორი: როი ანდერსონი.

სურათი გახლავთ რეფლექსია ადამიანის ცხოვრებაზე მთელი მისი მშვენიერებითა და სისასტიკით, ბრწყინვალებითა და ბანალურობით. მთხრობელი, შაჰრაზადის მსგავსად, ზღაპარში გვამოგზაურებს. უმნიშვნელო მომენტები იგივე წონას იძენს, რაც ისტორიული მოვლენები. მარად ადამიანურის კალეიდოსკოპი, არსებობის სიმყიფის უსასრულო ამბავი.

ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის ლომი“ მიიღო.

როი ანდერსონი 1943 წელს შვედეთში დაიბადა. პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შვედური სიყვარულის ამბავი" ანდერსონმა 1970 წელს გადაიღო. ფილმი იმავე წელს ბერლინის კინოფესტივალზე ოთხი პრიზით აღინიშნა და შვედური კინოს მთავარი პრიზი „ოქროს ხოჭო“ მიიღო საუკეთესო ფილმისთვის. 1975 წლიდან რეჟისორმა უჩვეულო და ძალიან წარმატებული სარეკლამო რგოლების გადაღება დაიწყო, რომლებმაც უამრავი ჯილდო დაიმსახურა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ როი ანდერსონი მხატვრულ კინოს დაუბრუნდა ფილმით „სიმღერები მეორე სართულიდან" (2000), რომელმაც კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

„თავისუფლება“ (Freedom, ესპანეთი, 2019) რეჟისორი: ალბერტ სერა.

ლუი XVI-ის პურიტანული კარიდან გაძევებული ლიბერტენები, მადამ დე დიუმევალი, ჰერცოგი ფონ ტესისი და ჰერცოგი ვანდი, მხარდაჭერას გერმანელ ჰერცოგ ფონ ვალჰენთან ეძებენ. ის ერთადერთია, ვინც თავისუფლად აზროვნებს ქვეყანაში, სადაც ფარისევლობა და ცრუ სათნოება სუფევს. ლიბერტენების განზრახვა მათი ფილოსოფიის, რომელიც მორალსა და ავტორიტეტს უარყოფს, გერმანიაში გავრცელებაა.

ფილმი კანის კინოფესტივალზე  არასაკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული და ჟიურის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

სერა დაიბადა 1975 წელს ბანიოლესში, კატალონია, ესპანეთი. სწავლობდა ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ბარსელონას უნივერსიტეტში. სადებიუტო მხატვრული ფილმი „რაინდთა ღირსება“ 2006 წელს გადაიღო და ბარსელონას კინოპრიზით დაჯილდოვდა საუკეთესო ახალბედა რეჟისორისთვის. 2013 წელს მისმა ფილმმა „ჩემი სიკვდილის ამბავი“ ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო.

„მისტერ ჯონსი“ (Mr Jones, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/უკრაინა, 2019) რეჟისორი: აგნეშკა ჰოლანდი.

1993 წელს უელსელი ჟურნალისტი გარეტ ჯონსი მატარებლით მოსკოვიდან ხარკობში მიემგზავრება. სადგურიდან ფეხით იწყებს მოგზაურობას და შიმშილობის საზარელი სურათის უშუალო მოწმე ხდება. კოლექტივიზაციამ უბედურებები მოიტანა: სტალინის პოლიტიკას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. „ნიო-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტის, ადა ბრუყკსის დახმარებით, ჯონსი ახერხების შოკისმომგვრელი სიმართლის გავრცელებას.

ფილმი წარდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალის მთავარ პრიზზე „ოქროს დათვი“. მიღებული აქვს „ოქროს კენგურუ“ პოლონეთის კინოფესტივალზე.

აგნეშკა ჰოლანდი 1948 წელს ვარშავაში დაიბადა. პრაღის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, ქშიშტოფ ზანუსისთან და ანჯეი ვაიდასთან ასისტენტად მუშაობდა. სანამ ფილმებს გადაიღებდა, ვაიდასთან ერთად რამდენიმე სცენარი შექმნა. 1981 წელს, ჰოლანდი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი ფილმი და მიიღო არაერთი ჯილდო: „ოქროს გლობუსი“ და ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“.

„ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია“ (God Exists, Her Name is Petrunya, მაკედონია, 2019) რეჟისორი: ტეონა სტრუგარ მიტევსკა.

მაკედონიის პატარა ქალაქ სტიპში ადგილობრივი მღვდელი ყოველი წლის იანვარში მდინარეში ხის ჯვარს აგდებს და ასობით მამაკაცი წყალში ხტება მის ამოსაღებად. მას, ვინც ჯვარს დაისაკუთრებს, იღბალი და კეთილდღეობა არ მოაკლდება. ამჯერად კი წყალში პეტრუნია ჩაყვინთავს და ყველაზე სწრაფი აღმოჩნდება. კაცები გაცოფებულები არიან – როგორ გაბედა ქალმა მათ რიტუალში გარევა? მაგრამ პეტრუნიამ ჯვარი მოიპოვა და მას არაფრით დათმობს.

ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა.

ტეონა სტრუგარ მიტევსკა 1874 წელსმაკედონიაში დაიბადა. აქვს ხარისხი გრაფიკულ დიზაინში, კინორეჟისურას სწავლობდა თიშის ხელოვნების სკოლაში ნიუ-იორკში. მისი ფილმი “მე ტიტოს ველესიდან ვარ“ (2007) 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც 20-ზე მეტი პრიზით აღინიშნა. თავის და-ძმასთან, ვუკ და ლაბინა მიტევსკებთან ერთად ხელმძღვანელობს კინოსაპროდიუსერო კომპანიას Sisters and Brother Mitevski.

„მოღალატე“ (Triator, იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/გერმანია, 2019) რეჟისორი: მარკო ბელოკიო.

1980-იანი წლების დასაწყისში, სიცილიური მაფია ჰეროინის ვაჭრობის გამო ერთმანეთში დიდ ომს იწყებს. ერთ-ერთი წევრი, ტომაზო ბუშეტა, თავს ბრაზილიას აფარებს. თუმცა იტალიაში მასზე შურისძიება იწყება, ბუშეტა იგებს, რომ პალერმოში მის შვილებსა და ძმას ხოდავენ და იცის, რომ მისი დროც მოვა. ბრაზილიაში დაპატიმრებისა და იტალიაში ექსრადირების შემდეგ ის გადაწყვეტს „კოზა ნოსტრას“ ფიცი დაარღვიოს და მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს შეხვდეს.

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოზე“, იტალიის ოქროს გლობუსზე კი საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ვეტერანი რეჟისორი, მარკო ბელოკიო 1939 წელს პიაჩენცაში დაიბადა. კინოსკოლაში სწავლამდე, ფილოსოფიას ეცნობოდა. 1965 წელს, ოჯახის წევრებისაგან მიღებული დაფინანსებით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მუშტები ჯიბეში“ გადაიღო, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე „ვერცხლის იალქანი“ დაიმსახურა. ფილმისათვის „მსჯავრი“ მარკო ბელოკიომ 1991 წელს ბერლინის კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ - ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო 2011 წელს, კინემატოგრაფისთვის გაწეული წვლილისათვის ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე საპატიო „ოქროს ლომით“ დაჯილდოვდა.

 

„სიმართლე“ (The Truth, საფრანგეთი/იაპონია, 2019) რეჟისორი: ჰირუკაძუ კორეედა.

ფაბიენი ვარსკვლავია, ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მამაკაცების სიყვარულითა და თაყვანისცემით გარემოცული. ფაბიენის მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ პარიზში ნიუ-იორკიდან მისი ქალიშვილი ბრუნდება ქმართან და პატარა შვილთან ერთად. დედისა და ქალიშვილის შეხვედრა მალე დაპირისპირებად იქცევა: სიმართლე უნდა გამოითქვას, ანგარიშები – გასწორდეს, სიყვარული და წყენა – გამჟღავნდეს.

ფილმი წარდგენილი იყო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზზე „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ჰიროკაძუ კორეედა 1962 წელს იაპონიში დაიბადა. სარეჟისორო კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ფანტომი“ (Maboroshi no hikari, 1995) პრიზებით აღინიშნა ვენეციაში და ჩიკაგოში. 2013 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კორეედამ ჟიურის პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „მამა და შვილი“ (Soshite chichi ni naru, 2013), ხოლო 2018 წელს ფილისთვის „მაღაზიის ქურდები“ (Manbiki kazoku, 2018) კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

„სახლში ვიყავი, მაგრამ...“ (I Was at Home, But, გერმანია, 2019) რეჟისორი: ანგელა შანელეკი.

ასტრიდის 13 წლის ვაჟი ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ შინ ბრუნდება, მაგრამ გაუჩინარების მიზეზებზე არაფერს ამბობს. დედა და მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ ბიჭის საქციელი შეიძლება მამის გადრაცვალებას უკავშირდებოდეს. ძალიან ნელა ცხოვრება ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. ასტრიდი ეგზისტენციური პრობლემების წინაშე დგება, რაც სრულიად ცვლის მის წარმოდგენას ცხოვრებაზე. მას სულ უფრო უჭირს იმასთან შეგუება, რომ მისი ვაჟი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახი ინგრევა, მაგრამ ინგრევა, რომ ახლებურად აღსდგეს.

ფილმი ბერლინის კინოფესტივალის პრიზით - „ოქროს დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა.

ანგელა შანელეკი დაიბადა 1962 წელს სამხრეთ გერმანიაში. ფრანკფურტში სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებას, შემდეგ მუშაობდა თეატრებში Thalia (ჰამბურგი) და Schaubühne (ბერლინი). 1990-1995 წლებში რეჟისურას სწავლობდა გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში ბერლინში. დღეს ნარატიული კინოს პროფესორია ჰამბურგის ხელოვნების უნივერსიტეტში.

„ალმოდებული ქალის პორტრეტი“ (Portrait of a Lady on Fire, საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: სელინ სკიამა.

საფრანგეთი, 1770 წელი. მარიანას, მხატვარს, ახალგაზრდა ქალის, ელოიზის საქორწინო პორტრეტის შექმნას ავალებენ. ელოიზს, რომელმაც ახლახან დატოვა მონასტერი, მისი ნების წინააღმდეგ უპირებენ გათხოვებას და ის უარს ამბობს პორტრეტისთვის პოზირებაზე. ამიტომ მარიანამ პორტრეტი მისგან მალულად უნდა დახატოს. ის დღისით აკვირდება ელოიზს, რომ ღამით მის პორტრეტზე იმუშაოს.

ფილმი „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა, სადაც სკიამამ „ქვიარ პალმის რტო“ და პრიზი საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა.

სელინ სკიამა  დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას უნივერსიტეტში პარიზი-ნანტერი, შემდეგ დაამთავრა პარიზის კინოსკოლა La Fémis სცენარისტის სპეციალობით. მისი სარეჟისორო დებიუტი 2007 წელს შედგა ფილმით „წყლის შროშანები“, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა და საერთაშორისო წარმატება მოუტანა რეჟისორს.

“ვიტალინა ვარელა” (Vitalina Varela, პორტუგალია/კაიმანის კუნძულები, 2019) რეჟისორი: პედრუ კოშტა.

ვიტალინა ვარელა, 55 წლის ქალი კაბო ვერედან, ლისაბონში ჩადის, სადაც სამი დღის წინ მისი ქმარი დაკრძალეს. თვითმფრინავის ბილეთს ვიტალინა 25 წლის განმავლობაში ელოდა. ქალაქში გარდაცვლილი ქმრის ნაკვალევს მიყვება და მის დაფარულ უკანონო ცხოვრებას აღმოაჩენს.

„ვიტალინა ვარელა“ ლოკარნოს კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმია - გარდა მთავარი ჯილდოსი („ოქროს ლეოპარდი“), საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზითაც დაჯილდოვდა.

პედრუ კოშტა 1958 წელს ლისაბონში დაიბადა. თეატრისა და კინოს სკოლაში პოეტისა და კინორეჟისორის ანტონიუ ხეისის კურსზე სწავლობდა. სადებიუტო ფილმის „სისხლი“ პრემიერია ვენეციის კინოფესტივალზე შედგა 1989 წელს. „ახალგაზრდობა წინ!“ კი, 2006 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა. ფილმით „ცხენის ფული“ კოშტამ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

„ახალგაზრდა აჰმედი“ (Young Ahmed, ბელიგა/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: ჟან-პიერ და ლუკ დარდენები.

ყურანის ექსტრემისტული ინტერპრეტაციის გავლენით ბელგიელი მოზარდი თავისი მასწავლებლის მოკვლას გეგმავს.

ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, სადაც ძმებმა დარდენებმა  საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღეს.

ბელგიელი ძმები ჟან-პიერ (დ. 1951) და ლუკ (დ. 1954) დარდენები მრავალი წელია ერთად იღებენ ფილმებს საკუთარი სცენარით და თვითონვე არიან ფილმების პროდიუსერები ან თანაპროდიუსერები. დარდენებმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყეს დოკუმენტური ფილმების გადაღება. პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა მხატვრულმა ფილმმა „დაპირება" (1996). ძმები დარდენები კინორეჟისორთა იმ იშვიათ რიცხვს ეკუთვნიან, ვისაც ორჯერ აქვს მიღებული კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო" – 1999 წელს ფილმისთვის „როზეტა" და 2005 წელს ფილმისთვის „ბავშვი".

„ერთი წელი მოხალისედ“ (A Voluntary Year, გერმანია, 2019) რეჟისორი: ულრიხ კოლერი, ჰენერ ვინქლერი.

„ატლანტიდა“ (Atlantis, უკრაინა, 2019) რეჟისორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი.

„ვალდებულება“ (Commitment, თურქეთი, 2019) რეჟისორი: სემიჰ კაპლანოღლუ.

„ექო“ (Echo, ისლანდია, 2019) რეჟისორი: რუნარ რუნარსონი.

„გუნდერმანი“ (Gundermann, გერმანია, 2018) რეჟისორი: ანდრეას დრეზენი.

 „პატარა ჯო“ (Little Joe, ავსტრია/გერმანია/დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: ჟესიკა ჰაუსნერი.

„მარტინ იდენი“ (Martin Eden, იტალია/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: პიეტრო მარჩელო.

„ბატონი ჩენგი“ (Master Cheng, ფინეთი/ჩინეთი, 2019) რეჟისორი: მიკა კაურისმიაკი.

 „სინონიმები“ (Synonyms, საფრანგეთი/ისრაელი/გერმანია, 2019) რეჟისორი: ნადავ ლაპიდი.

„პორტუგალიელი ქალი“ (The Portuguese Woman, პორტუგალია/გერმანია, 2019) რეჟისორი: რიტა აზევედო გომესი.

„მსტვენელები“ (The Whistlers, რუმინეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2019) რეჟისორი: კორნელიუ პორუმბოიუ.

2019-Nov-28