„ჰორიზონტები“ წარმოგიდგენთ

“ჰორიზონტები” თბილისის კინოფესტივალის ყოველწლიური პროგრამაა. იქიდან გამომდინარე, რომ კინოფესტივალი ევროპულ ფილმებზეა ორიენტირებული, საჭირო ხდება სექცია, რომელიც მაყურებელს არა ევროპულ ფილმებსაც წარუდგენს. წლევანდელ „ჰორიზონტების“ პროგრამაში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ექვსი აზიური ფილმი:

 

„ძაღლი მთვარეს უყეფს“ (A Dog Barking at the Moon, ჩინეთი/ესპანეთი, 2019). რეჟისორი: სიან ცზი

„ძაღლი მთვარეს უყეფს“ დროის სხვადასხვა პერიოდში ნაამბობი ჩინური ოჯახის საგაა. ცოლი აღმოაჩენს, რომ მისი ქმარი ჰომოსექსუალია, თუმცა, როდესაც ზრდასრული ქალიშვილი ფრანგ ქმართან ერთად მშობლების სანახავად ამერიკიდან ბრუნდება, თანდათან სხვა საიდუმლოებიც აშკარავდება.

სიან ცზის ამ სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე სექციაში „პანორამა“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი „ტედი“ მოიპოვა.

სიან ცზი დაიბადა 1987 წელს პეკინში, ჩინეთი. თავდაპირველად ეკონომიკას სწავლობდა პეკინში, შემდეგ კინემატოგრაფიის შესწავლა დაიწყო ნიუ-იორკში. თანაკურსელთან, კინორეჟისორ ხოსე ვალ ბალთან დაქორწინების შემდეგ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქმართან ერთად დოკუმენტურ ფილმებზე და ვებსერიალებზე მუშაობდა.

 

„აბუ ლეილა“ (Abou Leila, ალჟირი/საფრანგეთი/ყატარი, 2019). რეჟისორი: ამინ სიდი-ბუმედიენი.

ალჟირი, 1994 წელი. ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. პოლციის ოფიცრები, ს. და ლოტფი, ბავშვობის მეგობრები, უდაბნოში საშიშ ტერორისტს, აბუ ლეილას, ეძებენ. საჰარას უკიდეგანობაში ეს ძებნა აბსურდული ჩანს, მაგრამ ლოტფის მხოლოდ ერთი პრიორიტეტი აქვს: რაც შეიძლება მეტად დააშოროს ს. დედაქალაქს, რადგან ფიქრობს, რომ  მისი მგრძნობიარე მეგობარი მეტ სისხლისღვრას ვეღარ გაუძლებს. მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიან უდაბნოში, მით უფრო მეტად აწყდებიან საკუთარ  სისასტიკეს.

სურათი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალის პრიზზე „ოქროს კამერა“.

ამინ სიდი-ბუმედიენი დაიბადა 1982 წელს საფრანგეთში. 2005 წელს დაამთავრა პარიზის კინოსკოლა CLCF (Conservatoire Libre du Cinéma Français) კინორეჟისორის სპეციალობით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები უამრავ კინოფესტივალზე იყო მიწვეული. ალჟირში გადაღებული მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „აბუ ლეილა“, შერჩეული იყო კანის 2019 წლის კინოფესტივალის პროგრამისთვის „კრიტიკოსთა კვირეული“.

 

„ოცნების კოშკი“ (Castle of Dreams, ირანი, 2019). რეჟისორი: რეზა მირკარიმი.

როდესაც დედა უიმედო მდრომარეობაში საავადმყოფოში ხვდება, წლების წინ სახლიდან წასული მამა შინ ბრუნდება. აღელვებულს და დაბნეულს სხვა გზა არ აქვს – მცირეწლოვანი შვილები თან უნდა წაიყვანოს. მაგრამ საით? მან ხომ ვერ შეძლო ოცნების კოშკის აგება, რომელიც ბავშვებს დედამ დაუხატა.

რეზა მირკარიმი დაიბადა 1967 წელს თეირანში, ირანი. დაამთავრა თეირანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბავშვი და ჯარისკაცი“ (1999) პრიზებით აღინიშნა ფესტივალებზე ისპაჰანში, ნანტსა და ზლინში. მომდევნო ფილმმა, „მთვარის შუქზე“ (2000), კრიტიკოსთა კვირეულის გრან-პრი მოიპოვა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2001 წელს. ფილმმა „ოცნების კოშკი“ წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი დაიმსახურა: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის (ჰამედ ბეჰდადი).

 

„სიყვარულის ტრილოგია: მიჯაჭვული“ (Love Trilogy: Chained, ისრაელი/გერმანია, 2019). რეჟისორი: იარონ შანი.

რაში უკვე 16 წელია, პოლიციაში მუშაობს. ორი წლის წინ ცოლად აბიგაილი შეირთო, მოზარდი ქალიშვილის მარტოხელა დედა. რაშის ხისტი ხასიათი გერის გამომწვევ ქცევას ვერ ეგუება, სამსახურშიც მუდმივად ძალადობასთან აქვს საქმე, მაგრამ ეს ვერ ჩრდილავს მის იმედს, რომ აბიგაილთან შვილი შეეძინება. რაშის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

იარონ შანი დაიბადა 1973 წელს თელ-ავივში, ისრაელი. კინორეჟისურას სწავლობდა თელ-ავივის უნივერსიტეტში. შანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აჯამი“ (2009), რომელიც მან სკანდარ კოპტისთან ერთად გადაიღო, ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ფილმმა კანში „ოქროს კამერა – სპეციალური აღნიშვნა“ დაიმსახურა და ისრაელის კინოაკადემიის ხუთი პრიზი „ოფირი“ მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო სცენარისთვის. ფილმმა „სიყვარულის ტრილოგია: გადაჯაჭვულები/გადაბმულები“ 2019 წელს ისრაელის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისორისთვის.

 

„მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ (So Long, My Son, ჩინეთი, 2019). რეჟისორი: სიაოშუაი ვანი.

„სიბერის მოლოდინით ვცხოვრობთ“. ეს მოკლე ფრაზა იაოიუნის და მისი ცოლის, ლიიუნის, ცხოვრების მწარე სინამდვილეს იტევს. მათ ერთ დროს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სანამ მათი ვაჟი თამაშის დროს წყალსატევში არ დაიხრჩო. უბედურების შემდეგ იაოიუნი და ლიიუნი  დიდ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც არავის იცნობენ და ადგილობრივი დიალექტიც კი არ ესმით. ცოლ-ქმარი მუდმივად იგონებს წარსულ ცხოვრებას და ბოლოს ისევ დაკარგული იმედების ადგილს უბრუნდება.

ფილმი „მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ წელს ბერლინის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა, წილად კი ორი „ვერცხლის დათვი“ ხვდა – საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა (ჯინჩუნ ვანი) და საუკეთესო ქალი მსახიობის როლისათვის (მეი იონი).

სიაოშუაი ვანი დაიბადა 1966 წელს შანხაიში, ჩინეთი, 1990-იანი წლების ჩინური კინოს ნოვატორი რეჟისორი. ფილმმა „პეკინური ველოსიპედი“ (2001), რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრით დაჯილდოვდა, რეჟისორს ნამდვილი საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ფილმი „შანხაის ოცნებები“ (2005)  კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის პრიზით აღინიშნა 2005 წელს.

 

„გარეული ბატების ტბა“ (The Wild Goose Lake, ჩინეთი/საფრანგეთი, 2019). რეჟისორი: იინან დიაო.

ბანდის დევნილი მეთაური ხსნის ძიებაში ხვდება ქალს, რომელიც მზადაა, ყველაფერი გარისკოს საკუთარი თავისუფლების დასაბრუნებლად.

2019 წელს, ფილმი „გარეული ბატების ტბა“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.

დაიბადა 1969 წელს სიანში, შანსის პროვინცია, ჩინეთი. 1992 წელს დაამთავრა თეატრის ცენტრალური აკადემია პეკინში. მისი პირველი ორი მხატვრული ფილმის, „უნიფორმა“ (2003) და „ღამის მატარებელი“ (2007), პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა პროგრამაში „განსაკუთრებული ხედვა“. 2014 წელს ფილმმა „შავი ნახშირი, თხელი ყინული“ (2014) ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს დათვი“ მოიპოვა საუკეთესო ფილმისთვის.

2019-Nov-28