განსაკუთრებული სეანსები

„განსაკუთრებული სეანსები“ თბილისის კინოფესტივალის მუდმივი პროგრამაა, რომელშიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებულ ფილმები მოიყრიან ხოლმე თავს. წელს სექციაში ექვსი ფილმი გაერთიანდება, მათ შორის ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის ირაკლი კვირიკაძის „ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები“.

 

„ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი“ (Horst Buchholz… Mein Papa, გერმანია, 2005) რეჟისორი: კრისტოფერ ბუხჰოლცი, ზანდრა ჰაკერი.

ერთ დროს ცნობილი დასავლეთგერმანელი კინოვარსკვლავის ჰორსტ ბუხჰოლცის შვილები მამის გარდაცვალების შემდეგ ცარიელ სახლში ბრუნდებიან და უკანასკნელ წლებში მასთან ჩაწერილი ინტერვიუებისა და კლიპების საშუალებით მის ცხოვრებას იხსენებენ.

კრისტოფერ ბუხჰოლცი დაიბადა 1962 წელს ლოს-ანჯელესში. კრისტოფერი ჰორსტ ბუხჰოლცის ვაჟია, ის მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. მთავარი როლები აქვს შესრულებული ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მიქელანჯელო ანტონიონი, პიტერ იეტსი, პიერ შოენდორფერი, ფოლკერ შლოენდორფი, ვირგილ ვიდრიხი და კიჰან ინანი. როგორც მსახიობი და რეჟისორი მუშაობს როგორც თეატრში, ისე კინოში. 2010 წლიდან ხელმძრვანელობს საერთაშორისო ფრანკოფონულ კინოფესტივალს ტიუბინგენსა და შტუტგარტში.

ზანდრა ჰაკერი დაიბადა 1975 წელს აუგსბურგში, გერმანია. თავდაპირველად აუგსბურგში სწავლობდა გერმანულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ სწავლა განაგრძო ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიაში. კინოში 1998 წლიდან მუშაობს როგორც დამოუკიდებელი მემონტაჟე, რეჟისორი და პროდიუსერი.

 

ჩემს სიკვდილით დასჯაზე გიწვევთ“ (I Invite You to My Execution, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ნინო კირთაძე.

„ცივი ომის“ პერიოდში ბორის პასტერნაკის რომანის „დოქტორი ჟივაგოს“ გამოქვეყნების დრამატული ამბავი, როდესაც ლიტერატურა შეიძლება საშიში იყოს სახელმწიფოსთვის, მისი გამოქვეყნება კი – სიცოცხლისთვის საშიში.

ფილმი ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იყო ჩართული.

ნინო კირთაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში. მის ფილმებს მოპოვებული აქვთ არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის, ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის („მილსადენი მეზობლად", 2005), დოკუმენტურ კინოში გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი („ჩეჩნური იავნანა", 2002) და შემოქმედებით კინოდოკუმენტალისტიკაში საფრანგეთის მთავარი ჯილდო, ოქროს FIPA (უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მოვკვდი", 2004). ნინო კირთაძე არის ფრანგ ავტორთა გაერთიანების La SCAM-ისა და ევროპული კინოაკადემიის წევრი. 2005 წლიდან, გახლავთ ევროპული აკადემიის წევრი. 2019 წლის 16 ივლისიდან, წარმოადგენს საქართველოს „ევრიმაჟში".

 

„იტალიელი მოგზაური” (The Italian Traveler, საფრანგეთი, 1982) რეჟისორი: ფერნან მოშკოვიჩი.

კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი თავის ბავშვობას იხსენებს და კინოს საკუთარი კონცეფციის შესახებ საუბრობს.

ფერნან მოშკოვიჩი გახლავთ რეჟისორის ასისტენტი და რეჟისორი. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის „სასურველი“ (1967) მიღებული აქვს ჟან ვიგოს სახელობის პრიზი. ფერნან მოშკოვიჩი ბერნარდო ბერტოლუჩისთან მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ფილმზე „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ და მეორე გადამღები ჯგუფის რეჟისორად ფილმზე „ცის საბურველქვეშ“.

 

„ვეფხვები“ (Tigers, ინდოეთი/საფრანგეთი, 2014) რეჟისორი: დანის ტანოვიჩი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მსახიობ მარიამ დ’აბოსთან.

აიანი, პაკისტანში ფარმაცევტული პროდუქტების გამყიდველი, ჯანდაცვის მულტინაციონალურ კორპორაციას უპირისპირდება, რომლისთვისაც მუშაობს, როდესაც დაადგენს, რომ კორპორაცია შეგნებულად ყიდის ბავშვის საკვებს, რომელსაც ყოველდღე ასობით ბავშვის სიცოცხლე ეწირება.

დანის ტანოვიჩი დაიბადა 1969 წელს იუგოსლავიაში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ სწავლა სარაევოს კინოაკადემიაში განაგრძო, მაგრამ ბოსნიაში ომის დაწყებამ სწავლა შეაწყვეტინა. ომის დროს ის ბოსნიის არმიას ახლდა თავისი კამერით, შემდეგ კი ბრიუსელში წავიდა სწავლის გასაგრძელებად. მისი სადებიუტო მხატვრული ფილმი „არავის მიწა“ პრიზით აღინიშნა კანში საუკეთესო სცენარისთვის 2001 წელს და „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. ფილმმა „ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან“ ორი „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელს, ხოლო 2016 წელს ამავე ფესტივალზე ფილმმა „სიკვდილი სარაევოში“ ჟიურის გრან-პრი და „ფიპრესის“ პრიზი მიიღო.

 

„უჟმური“ (Uzhmuri, საქართველოს სსრ, 1934) რეჟისორი: ნუცა ღოღობერიძე.

ლეგენდის თანახმად, უჟმურის ველი მწვანე დედოფალ გომბეშოს სამშობლოა. სამეგრელოში გავრცელებული ვერაგი სენის, მალარიის დასამარცხებლად მთავრობა ველზე არხის გაყვანას გადაწყვეტს. არხის დასაგეგმად ველზე გასულ ქავთარსა და გვადის კულაკი ფარნა გაუვალ ჭაობში შეიტყუებს. დასაღუპად განწირულ ქავთარს კომკავშირლები გადაარჩენენ.

ნუცა (ნინო) ღოღობერიძე (1902 – 1966, ქალიშვილობის გვარი – ხუციშვილი) პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმის დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით, 1923-25 წლებში, სწავლა განაგრძო გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1926 წელს მუშაობა დაიწყო „სახკინმრეწვში“, სადაც 1937 წლამდე მუშაობდა ჯერ თანარეჟისორად, ხოლო შემდეგ – რეჟისორად. პირველი დოკუმენტური ფილმი „მათი სამეფო“ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო 1928 წელს, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბუბა“ (1930), რომლის მხატვარი დავით კაკაბაძე იყო. მხატვრული ფილმი „უჟმური“ ნუცა ღოღობერიძის უკანასკნელი ნამუშევარია კინოში. ფილმი 1934 წელს გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და უკანასკნელ დრომდე რუსეთის ფილმსაცავში ინახებოდა.

 

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine, საქართველო, 2016) რეჟისორი: ნინო ჯორჯაძე.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ემიგრაციაზე ოცნებობს და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებს, ღვინის მარშრუტის გავლით მოგზაურობას იწყებს. ღვინოსთან დაკავშირებული მისი თავგადასავლის დროს გაკეთებული აღმოჩენები ახალგაზრდას ღვინის დაბადების ადგილზე აბრუნებს, რომელიც მისი საკუთარი დაბადების ადგილია: საქართველო.

ფილმის ჩვენება წარმატებული გამოდგა ჰოლივუდის დამოუკიდებელი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო პროდიუსერი, საუკეთესო სცენარის ავტორი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი.

ნანა ჯორჯაძე დაიბადა 1948 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის შემდეგ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1980). კინოში მუშაობა 1977 წლიდან დაიწყო, იყო კოსტიუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და მსახიობი. 1987 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", რომელმაც მას კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერა" მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის. 1996 წელს გადაღებული ფილმი „შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი" არაერთი ფესტივალის პრიზიორი გახდა და „ოსკარზე" იყო ნომინირებული. ნანა ჯორჯაძე ევროპული კინოაკადემიის წევრია 1994 წლიდან.

2019-Nov-29