უახლესი სექცია - „ამერიკები“ წარმოგიდგენთ

წელს თბილისის კინოფესტივალი შემოგთავაზებთ განსხვავებულ სექციას - „ამერიკები“.   მაყურებელს საშუალება მიეცემა, აღნიშნულ სექციაში გაერთიანებული რვა ფილმი იხილოს.

 

„ბაკურაუ“ (Bacurau, ბრაზილია/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: კლებერ მენდონსა ფილიო.

უახლოეს მომავალში... ბაკურაუ, პატარა ქალაქი ბრაზილიის უდაბურ რაიონში, თავისი მატრიარქის, კარმელიტას, დაკარგვას გლოვობს, რომელიც 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მცხოვრებლები აღმოაჩენენ, რომ მათი დასახლება რუკებიდან გაქრა.

ფილმმა კანის კინოფესტივალზე სპეციალური ჟიურის პრიზი მიიღო.

კლებერ მენდონსა ფილიო დაიბადა 1968 წელს ბრაზილიაში. დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მუშაობდა კინოკრიტიკოსად და კინოპროგრამების შემდგენელად. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უბნის ხმები“ (2012) 100-ზე მეტ კინოფესტივალზე იყო მიწვეული და 32 პრიზით აღინიშნა. ფილმი „ბაკურაუ“ წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა, სადაც ჟიურის პრიზი დაიმსახურა (ჟულიანო დორნელესთან ერთად).

 

„ოჯახის წევრები“ (Family Members, არგენტინა, 2019) რეჟისორი: მატეო ბენდესკი.

ლუკასი და მისი უფროსი და ჯილდა დიდი ხანია, ერთმანეთს ვერ უგებენ, მაგრამ ახლა ერთად მიემგზავრებიან ოჯახის სააგარაკო სახლში ოკეანის სანაპიროზე, რომ უკანასკნელი პატივი მიაგონ დედას, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. და-ძმა დილით უკან დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ავტობუსის მძღოლების გაფიცვის გამო მოსაწყენ ზღვისპირა ქალაქში აღმოჩნდება გაურკვეველი დროით გამოკეტილი. კარტის გაშლა, წვეულებები და ფიტნესი პლაჟზე ლუკასს და ჯილდას დროის გაყვანაში ეხმარება. თანდათან სულ უფრო მეტი ადამიანი შემოდის მათ მიკროსამყაროში და წარსულის კვალის ძიება აწმყოს საიდუმლოებს ააშკარავებს.

მატეო ბენდესკი 1989 წელს არგენტინაში დაიბადა. 2011 წელს დაამთავრა ბუენოს აირესის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტი (FUC) კინორეჟისორის სპეციალობით. 2016 წელს ის შერჩეული იყო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის Talent Lab-ში მონაწილეობის მისაღებად და მოიპოვა მაკდაუელის სტიპენდია ფილმის „ოჯახის წევრების“ სცენარის დასასრულებლად. ფილმი წელს მონაწილეობდა ბერლინის საერთშორისო კინიფესტივალის სექციაში „ფორუმი“.

 

„გენეზისი“ (Genesis, კანადა, 2018) რეჟისორი: ფილიპ ლესაჟი.

ბიჭების კერძო სკოლაში 16 წლის გიიომს ფარულად უყვარს თავისი საუკეთესო მეგობარი. მის ნახევარდას, 18 წლის შარლოტს, შიში იპყრობს, როდესაც მეგობარი ბიჭი მას გახსნილ ურთიერთობას სთავაზობს. ყველაფერი იცვლება. და-ძმა თავის ადგილს ეძებს სამყაროში და იბრძვის უფლებისთვის, უყვარდეს და იყოს თავისუფალი.

2018 წელს, ფილმი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ფილიპ ლესაჟი დაიბადა კანადაში. სწავლობდა მაკგილის უნივერსიტეტში მონრეალში და დანიის ევროპულ კინოსკოლაში. თავდაპირველად დოკუმენტურ ფილმებს იღებდა, ემდეგ მხატვრულ კინოში გადაინაცვლა და 2015 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დემონები“.

„გამქრალი ქალაქის ანთოლოგია“ (Ghost Town Anthology, კანადა, 2019) რეჟისორი: დენი კოტე.

კანადის ერთ პატარა, იზოლირებულ ქალაქში, სადაც მხოლოდ 215 ადამიანი ცხოვრობს, ავტოკატასტროფაში იღუპება სიმონ დიუბე. ქალაქის გაოგნებული მაცხოვრებლები ტრაგედიის გარემოებებზე ლაპარაკს თავს არიდებენ. ამიერიდან დრო თითქოს მნიშვნელობას კარგავს და დღეები უსასრულოდ იწელება. გარემო ნელა ნისლში ეხვევა. გლოვის ჟამს ამ ნისლში უცხო ადამიანები ჩნდებიან. ვინ არიან ისინი? რა მოხდა?

ფილმი წარდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში.

დაიბადა 1973 წელს ნიუ ბრუნსვიკში, კანადა. რამდენიმე წელი ჟურნალისტად და კინოკრიტიკოსად მუშაობდა. მისი კინოსარეჟისორო დებიუტი 2005 წელს შედგა ფილმით „ჩრდილოეთის შტატები“, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო ვიდეოფილმების კონკურსში. მისი 2013 წლის ფილმი „ვიკმა და ფლომ დათვი დაინახეს“ ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა, სადაც ალფრედ ბაუერის პრიზით აღინიშნა. თბილისის კინოფესტივალზე დენი კოტეს საპატიო „პრომეთე“ აქვს მიღებული.

 

„მომეცი თავისუფლება!“ (Give Me Liberty, აშშ, 2019) რეჟისორი: კირილ მიხანოვსკი.

ვიკი, ახალგაზრდა რუსი-ამერიკელი, სამედიცინო ფურგონის მძღოლია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება მილუოკიში. ის სამსახურის დაკარგვას რისკავს, როდესაც ხანდაზმული ადამიანების ხმაურიანი ჯგუფისა და რუსი მოკრივის დაკრძალვაზე წაყვანას თანხმდება, ამ დროს კი მანქანაში ისეთი კლიენტები უზის, როგორიც ტრეისია, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ახალგაზრდა ქალი.

კირილ მიხანოვსკი დაიბადა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადასახლდა აშშ-ში, სადაც სამედიცინო ტრანსპორტის მძღოლად მუშაობდა და ლინგვისტიკას სწავლობდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თევზის ოცნებები“ (2006), რომელიც კანის კინოფესტივალზე აჩვენეს პროგრამაში „კრიტიკოსთა კვირეული“, სადაც მან ახალგაზრდული პრიზი მიიღო. ამ ფილმით მიხანოვსკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი იყო 2007 წელს. ფილმი „მომეცი თავისუფლება“ მიწვეული იყო კანის წლევანდელ კინოფესტივალზე სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

„მათიასი და მაქსიმი“ (Matthias & Maxime, კანადა, 2019) რეჟისორი: ქსავიე დოლანი.

სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისას ბავშვობის ორ საუკეთესო მეგობარს, მაქსიმს და მათიასს, სთხოვენ, კამერის წინ ერთმანეთს აკოცონ. ამის შემდეგ მათ შორის რაღაც იცვლება, რაღაც, რასაც სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ვერც მის მძლავრ ზემოქმედებას უარყოფენ...

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

დოლანი დაიბადა 1989 წელს მონრეალში, კვებეკი, კანადა. კანადელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე, კოსტიუმების მხატვარი და პროდიუსერი. საერთაშორისო აღიარება მოუტანა პირველივე მხატვრულმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „მე მოვკალი დედაჩემი“ (2009). 2014 წელს ფილმით „დედიკო“ დოლანმა კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოიპოვა და ‘სეზარი’ მიიღო საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. 2016 წელს ფილმმა „ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ კანის კინოფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა. მისი უახლესი ფილმის „მათიასი და მაქსიმი“ პრემიერა კანის წლევანდელი კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა.

 

„მაიმუნები“ (Monos, კოლუმბია/აშშ, 2019) რეჟისორი: ალეხანდრო ლანდესი.

რვა მოზარდისგან შემდგარი გასამხედროებული რაზმი მძევალთან ერთად კოლუმბიის მთებში იმალება. რაც ერთი შეხედვით ჰედონისტურ საზაფხულო ბანაკს ჰგავს, სინამდვილეში დავალების შესრულებაა: პატარა ჯარისკაცებმა, რომლებსაც საომარი სახელები აქვთ, იმაზე უნდა იზრუნონ, რომ გატაცებული ამერიკელი ქალი ცოცხალი დარჩეს. მაგრამ როდესაც ბრძოლა ახლოვდება და ძვირფასი მეწველი ძროხა „შაკირა“ შემთხვევას ეწირება, თამაში მთავრდება.

ფილმი ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალურ პრიზზე „ტედი“ იყო წარდგენილი. სანდენსის წლევანდელ კინოფესტივალზე კი ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო სექციაში „მსოფლიო კინო“.

ალეხანდრო ლანდესი დაიბადა 1980 წელს ბრაზილიაში. იგი იზრდებოდა ეკვადორსა და კოლუმბიაში. პოლიტიკურ ეკონომიკას სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტში, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „პორფირიო“ კანში „რეჟისორთა ორკვირეულში“ აჩვენეს.

 

„დამშვიდობება“ (The Farewell, ჩინეთი/აშშ, 2019) რეჟისორი: ლულუ ვონგი.

შეუპოვარი ჩინელ-ამერიკელი ქალი ჩინეთში ბრუნდება, როდესაც მის საყვარელ ბებიას უკანასკნელი სტადიის კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. ბილი არ ეთანხმება ოჯახის წევრებს, რომლებიც გადაწყვეტენ, არაფერი უთხრან ბებიას მისი მდგომარეობის შესახებ და ამის ნაცვლად ქორწილი გამართონ, რომ მთელმა ოჯახმა უკანასკნელად შეძლოს ბებიას გარშემო შეკრება.

ლულუ ვანი ჩინური წარმოშობის ამერიკელი პიანისტი და რეჟისორია. დაიბადა პეკინში, გაიზარდა მაიამიში, განათლება მიიღო ბოსტონში. 2014 წელს მოიპოვა ჩეზ და როჯერ ებერტების სტიპენდია რეჟისურაში, რომელიც ამერიკული კინოპრემიის „დამოუკიდებელი სულის“ (Independent Spirit) ფარგლებში მიენიჭა. „დამშვიდობება“ მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

2019-Nov-29