ქვეყანა ფოკუსში - დიდი ბრიტანეთი

წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ 2019 წლის ოთხ გამორჩეულ ნამუშევარს.

 

„სატყუარა“ (Bait, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: მარკ ჯენკინი.

მარტინ უორდი – მეთევზე ნავის გარეშე – გაცოფებულია თავის ძმაზე, რომელიც ოჯახის ნავს ტურისტების გასასეირნებლად იყენებს, და ბრაზობს შეძლებულ ლონდონელებზე, რომლებმაც მისი ბავშვობის სახლი იყიდეს. ზაფხულის სეზონის მიწურულს დაძაბულობა მატულობს და როდესაც სულელური ხუმრობა და შურისგება ტრაგედიად გადაიქცევა, ძმები იძულებულები ხდებიან, გაერთიანდნენ და მომავალზე ერთად იზრუნონ.

მარკ ჯენკინი დაიბადა 1976 წელს. იღებს ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, არის დოკუმენტური და რამდენიმე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ავტორი. ასწავლის ფალმუტის უნივერსიტეტში (კორნუოლი, ინგლისი). 2012 წელს შექმნა კინომანიფესტი ‘Silent Landscape Dancing Grain 13’, რომელიც 13 წესს მოიცავს, რომელსაც რეჟისორი საკუთარი ფილმების შექმნისას მისდევს. ცხოვრობს კორნუოლში, რომელიც მისი ფილმების მუდმივი თემაა.

 

„ჰოუპ გეპი“ (Hope Gap, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: უილიამ ნიკოლსონი

გრეისი და ედვარდი უკვე 33 წელია, დაქორწინებულები არიან. როდესაც მათი ვაჟი, ჯეიმი, მშობლების სანახავად ლონდონიდან სასექსის პატარა ზღვისპირა ქალაქში ჩადის, სადაც ჰოუპ გეპის ულამაზესი კლდეები გაშლილ ზღვას უყურებს, ედვარდი შვილს ეუბნება, რომ გრეისის მიტოვებას აპირებს. 

უილიამ ნიკოლსონი დაიბადა 1948 დიდ ბრიტანეთში. არის მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი. ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც სცენარისტი, ფილმებისთვის „აჩრდილების ქვეყანა“ (1993, რეჟისორი – რიჩარდ ატენბორო) და „გლადიატორი“ (2000, რეჟისორი – რიდლი სკოტი). 1970-1980-იან წლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული „ბი-ბი-სისთვის“.

 

„ვწუხვართ, გვაკლდით“ (Sorry We Missed You, დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია, 2019) რეჟისორი: კენ ლოუჩი.

რიკი და ები ტერნერები ორ შვილთან ერთად ნიუკასლში ცხოვრობენ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ რიკის ოჯახი ვალებისგან თავის დასაღწევად იბრძვის. ერთგვარი დამოუკიდებლობის აღდგენის შანსს აჩენს მბზინავი ახალი ფურგონი და გადაზიდვის სერვისში ფრანშიზის მართვის შესაძლებლობა თვითდასაქმებული მძღოლის რანგში. ეს მძიმე სამუშაოა და არც რიკის ცოლის სამუშაოა ადვილი, რომელიც მოხუცებს უვლის. გაუძლებს ოჯახი ამ გამოცდას?

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

კენ ლოუჩი დაიბადა 1936 წელს დიდი ბრიტანეთში. სწავლობდა სამართალს ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა პეტრეს კოლეჯში. თეატრში მსახიობად მუშაობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, 1963 წელს ლოუჩი BBC-ში იწყებს მუშაობას ტელერეჟისორად. აქედან იწყება მისი, როგორც რეჟისორის ხანგრძლივი კარიერა კინოსა და ტელევიზიაში. მისმა ფილმებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი კინოჯილდო აქვს მიღებული, კენ ლოუჩს დიდი ევროპელი კინორეჟისორების პანთეონში დაუმკვიდრა ადგილი.

 

„სუვენირი“ (სუვენირი, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: ჯოანა ჰოგი

ინგლისი, 1980-იანი წლები. კინოსკოლის ახალგაზრდა სტუდენტი ჯული სამყაროს შეცნობას კამერის დახმარებით ცდილობს. სკოლის წვეულებაზე ის ენტონის გაიცნობს, ქარიზმატულ და იდუმალებით მოცულ კაცს. ასე იწყება ჯულის პირველი სერიოზული სიყვარული. ენტონი საიდუმლოს ფარავს, რომელსაც ჯული მხოლოდ გვიან აღმოაჩენს და რომელიც ყველაფერს დრამატულად შეცვლის.

ჯოანა ჰოგი დაიბადა 1960 წელს დიდ ბრიტანეთში. სცენარისტმა და რეჟისორმა კინოკარიერა ტელევიზიაში მუშაობით დაიწყო. 2007 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უცხო“, რომელმაც „ფიპრესის“ პრიზი და Evening Standard-ის კინოჯილდო მიიღო იმედისმომცემი დებიუტისთვის. ბრიტანეთის კინოისტიტუტის შეფასებით, ის „ბრიტანეთში დღეს მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორია“.

2019-Nov-29