დღეს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაა

დღეს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. გახსნის ცერემონიის შემდეგ ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჩვენები იქნება ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“. ცერემონიალს დაესწრება სპეციალურად „შანტაჟისთვის“ შექმნილი მუსიკის ავტორი - ნილ ბრენდი. ფილმს მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს „ალტერ-ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. „ოქროს პრომეთე“ გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“.

ეროვნული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ჰეზერ სტიუარტია. ჟიურის დანარჩენი წევრები იქნებიან: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა და ნიკოლას სელისი.

კინოფესტივალის ოფიციალური პრიზების გარდა, ჯილდოებს გასცემენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კინოკომპანია „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა 90-წამიანი ფილმების კონკურსი - „დეფიქტ!“(DepicT!). შორთლისთში მოხვედრილი ფილმების ჩვენება 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება. სპეციალურად შექმნილი ჟიურის წევრები არიან: დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი.

 თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში გერმანელი კინოოპერატორი ფრედ კელემენი, ბრიტანელი ოსკაროსანი სცენარისტი ქრისტოფერ ჰემფტონი  და ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი კლერ პეპლო ეწვევიან.

წელს თბილისის კინოფესტივალი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის საპატიო პრომეთეს მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს ირაკლი კვირიკაძეს გადასცემს.

კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები: აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი TBC STATUS

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“.

კინოფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „რუმსი“.

2019-Dec-01