დღეს თბილისის მე-20 კინოფესტივალი გაიხსნა

დღეს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. გახსნის საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის დირექტორები - გაგა ჩხეიძე და ნინო ანჯაფარიძე. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდი.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, მაყურებელმა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით იხილა. ფილმს მუსიკალური აკომპანიმენტი გაუწია „ალტერ-ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

ფილმს ჩვენების შემდეგ, კინოთეატრ "ამირანის" ფოიეში შეკრებილ სტუმრებს ბრიტანეთის საბჭომ უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი მაყურებელს სხვადასხვა სექციებში გაერთიანებულ 100-მდე ნამუშევარს უჩვენებს.

კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემათ ქართველ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს და მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასს.

ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვივნენ გერმანელი კინოოპერატორი ფრედ კელემენი და ბრიტანელი ოსკაროსანი სცენარისტი ქრისტოფერ ჰემფტონი.

კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები: აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი TBC STATUS.

2019-Dec-05