თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები

7 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და ანა ჭყონია.

გარდა ფესტივალის ოფიციალური პრიზებისა, ჯილდოები გასცეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წელს „ოქროს პრომეთე“ მხოლოდ ეროვნულ კონკურსში მონაწილე რეჟისორებს გადაეცათ. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გახდა - გიორგი სიხარულიძის „მამული“, ხოლო საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“ დასახელდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ კატეგორიებში გამარჯვებულებს 20 000 ლარი გადასცა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ფილმებმა - „თორმეტი გაკვეთილი“ (გიორგი მრევლიშვილი), „უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია). დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედი“ ოპერატორებს, ანტონ გრომოვსა და ალიშერ ხამიდხოჯაევს გადაეცათ ჟიურის სპეციალური პრიზი - "პრომეთე".

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ასახვისათვის პრიზი უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“) გადასცა.

კინოკომპანიამ „ტერა ინკოგნიტა ფილმს“ კინოკამერა სრული აღჭურვილობით დროებით გადასცა ორ რეჟისორს - ჟიურის რჩეულ დიტო ცინცაძეს („ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“) და თავიანთ რჩეულ უტა ბერიას („უარყოფითი რიცხვები“).

თბილისის კინოფესტივალმა კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი და ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე  დააჯილდოვა. მათ ფესტივალისაგან საპატიო „პრომეთე“ მიიღეს.

უკვე მესამე წელია, რაც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ატარებს კონკურსს - „წერე ქართულ კინოზე“. კონკურსში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ჯავახიშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ზაზა ცანკაშვილი.

2019-Dec-10