"Georgian-Baltic Bridge" ფიჩინგ ფორუმისთვის შერჩეული პროექტები ცნობილია

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს მასწპინძლობს. ფორუმი 30 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფიჩინგ ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული პროექტები:

საქართველო

  • \"ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk\" - რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;
  • \"ია / Ia\" - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
  • \"აღარ შემიძლია / No More\" - რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;
  • \"მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets\" - რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;
  • \"რეალური არსებები / The Real Beings\" - რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;
  • \"როცა 17 წლის ხარ / When you\'re 17\" - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

ესტონეთი

  • \"ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers\" - რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;
  • \"მაქცია / Werewolf\" - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

ლიეტუვა

  • \"თავსაბურავი / The Hood\" - რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;
  • \"ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea\" - რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა , პროდიუსერი ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.

შერჩეული მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. საერთაშორისო ექსპერტებთან:

  • ფიჩინგის ექპსერტი კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);
  • სცენარის კონსულტანტი კრისტიან რუთი (ესპანეთი).

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს. Საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. 

 

2020-Nov-20

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფიჩინგ ფორუმის ტუტორები

კატარინა ბილდჰაუერი, ფილოსოფიის დოქტორი

ფიჩინგის ექსპერტი

კატარინა ბილდჰაუერი 2003 წლიდან სხვადასხვა პოზიციას იკავებს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა ბერლინალეს კოპროდუქციის მარკეტს, რომლის თანადამფუძნებელიც არის. ამჟამად ხელმძღვანელობს ტალანტების პროექტების მარკეტს, რომელიც ბერლინალეს ტალანტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. გარდა ამისა, კატარინა კანის კინოფესტივალის პროდიუსერების ქსელისა და ევროპული კინოს პოპულარიზაციის ქსელის ინიციატივის - Producers on Move-ი ს მოდერატორია. სხვადასხვა დროს იყო ბერლინალეს რეზიდენტურის კოორდინატორი და მუშაობდა მსოფლიო კინოფონდისთვის. 

კატარინა გერმანულ და ინგლისურ ლიტერატურას, და ფსიქოლოგიას სწავლობდა კოლონის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი - ევროპულ კინომცოდნეობას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა სცენარის ანალიზს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო ნაშრომი არაკონვენციური სცენარების შესახებ 2007 წელს გამოქვეყნდა. ხარისხის დაცვამდე კინო და ტელე ინდუსტრიაში მუშაობდა გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში კასტინგის მენეჯერის, პროდუქციის ასისტენტის, რეჟისორის ასისტენტისა და სკრიპტის სუპერვაიზერის პოზიციებზე.

კრისტიან რუთი

სცენარის განვითარება

კრისტიანი კატალონიაში (ესპანეთში) მოღვაწე კინოკონსულტანტი და სცენარის ანალიტიკოსია, რომელიც თანამშრომლობს როგორც კინემატოგრაფისტებთან, ისე სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ბოლო 14 წლის განმავლობაში ის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით მოქმედი განვითარების სქემის - SCREAPTEAST-ის (scripteast.pl) სასწავლო პროგრამების თანახელმძღვანელია. პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერაა და კრისტიანის ხელმძღნაველობით მის ფარგლებში 50 მხატვრული ფილმი შეიქმნა. 

გასულ წელს კრისტიანი პინვუდის კინოსტუდიასთან (გაერთიანებული სამეფო) არსებული შემოქმედებითი მედიაუნარების ცენტრის სცენარის განვითარების სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი გახდა. ის ასევე თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ეროვნულ კინოფონდებთან და ხელმძღვანელობს ვორქშოფებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვენია, მაკედონია, საქართველო, რუმინეთი, საბერძნეთი,  ლატვია, ლიეტუვა, და ესტონეთი. 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ტუტორად ამსტერდამის ბინგერის კინოლაბორატორიაში, 2012 წელს კი მისი ინიციატივით პირველად ჩატარდა HEZAYAH-ს სცენარის განვითარების ვორქშოფები ყატარში. 

დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპული კინოსკოლის ინიციატივის - FOUR CORNERS-ის სასწავლო პროგრამებს.  მანამდე კი იგივე პოზიციას იკავებდა PILOTS TV-ში, ესპანეთის ქალაქ სიჯესში. 2006 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი სახელწოდებით სცენარის განვითარება. 2000 წელს მშობლიური ლონდონიდან ესპანეთში გადასვლამდე, 1989-1998 წლებში კრისტიანი ხელმძღვანელობდა სელექციას MEDIA Programme-ის European Script Fund-ისა და EMDA-ისათვის. ამ დროის განმავლობაში მან ხელი შეუწყო ასობით ევროპული კომპანიისა და ფილმის განვიარებას, რომელთა შორისაა გმირი ტოტო, ორლანდო, ტალღებთან მებრძოლი, და ელიზაბეტი. მანამდე მუშაობდა კინო შესყიდვებსა და აღმასრულებელ პოზიციებზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Thorn-EMI, Cannon UK და Red Rooster Films.

2020-Nov-06

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა იწყებს განაცხადების მიღებას

ვიწვევთ რეჟისორებსა და პროდუსერებს საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში Georgian-Baltic Bridge მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ონლაინ 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით.

მონაწილეობის მიღება შეუძლია განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ პროექტს (პირველი ან მეორე მხატვრული ფილმი) საქართველოდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვადან.

შერჩეული პროექტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პლატფორმაში მონაწილე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ხელშეწყობა.

Საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს, რომელიც  მიიღებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს.

ფიჩინგ ვორქშოფში მონაწილეობის პირობები:

  • პროექტის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი
  • პროექტი უნდა შემოიტანოს რეჟისორმა და პროდუსერმა ერთად
  • სამუშაო ენა: ინგლისური. ყველა მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას

განაცხადი უნდა შეიცავდეს:

  • პროექტის დასახელება;
  • ორიგინალი სათაური;
  • სათაური ინგლისურ ენაზე, სცენარის ავტორი/რეჟისორი, წარმოების ქვეყანა, ხანგრძლივობა, ჟანრი;
  • რეჟისორის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია;
  •  ლოგლაინი;
  • სინოფსისი (მაქსიმუმ 1000 სიმბოლო);
  • თრითმენთი (8-12 გვერდი);
  • რეჟისორის ხედვა;
  • პროდიუსერის მოტივაცია;
  • ფინანსური გეგმა;
  • ბიუჯეტი;
  • ვიზუალური მასალები (არსებულის შემთხვევაში). 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა პარასკევი, 13 ნოემბერი (24:00 GMT). განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე (ერთი საერთო .pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე - opencall@tbilisifilmfestival.ge, განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: t.gurgenidze@tbilisifilmfestival.ge m.zubashvili@tbilisifilmfestival.ge 

2020-Nov-12